თამარ სიმონიშვილი SBC Legal-ში იკავებს უფროსი იურისტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საკორპორაციო, ფასიანი ქაღალდებისა და კორპორაციული მიგრაციის სამართალი. ჩვენი ფირმის სახელით თამარი წარმომადგენლობას უწევდა გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას რედომიცილების პროცესში, მისი მონაწილეობით ასევე განხორციელდა გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ფირმების ფილიალებისა და სუბსიდიარების დაფუძნება საქართველოს ტერიტორიაზე. თამარი აქტიურ მხარდაჭერას უწევს მაღალპროფილურ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, საქართველოში შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მოპოვებისთვის.
ჩვენს ფირმაში შემოერთებამდე თამარი მუშაობდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ასისტენტის პოზიციაზე. ინსტიტუტში მუშაობის პერიოდის მანძილზე, იგი მონაწილეობდა ევროკავშირის სამართლის რეგულაციებისა და დირექტივების თარგმნასა და კვლევაში. შემდგომში, თამარმა მუშაობა განაგრძო საარბიტრაჟო სასამართლოში არბიტრის თანაშემწის პოზიციაზე საკრედიტო დავების მიმართულებით. არბიტრაჟში მუშაობის პერიოდში, იგი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტის შედგენასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებაზე.
თამარს სამართლის ბაკალავრისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა საქართველოს უნივერსიტეტში. მან ასევე წარმატებით გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ერთ სემესტრიანი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო სამართალში. იგი მონაწილეობდა იენის უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივ საზაფხულო სკოლაში, ევროკავშირის ეკონომიკური სისხლის სამართლის თემატიკაზე.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, თამარი აქტიურ მონაწილეობას იღებდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით როგორებიცაა: Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot, Elsa Moot Court Competition on World Trade Organization Law, Central and Eastern European Moot Court Competition- შეჯიბრში მისი გუნდი გადავიდა ნახევარ ფინალში, ხოლო თამარი დაჯილდოვდა საუკეთესო ინდივიდუალური სპიკერის ჯილდოთ.
თამარ სიმონიშვილი ასევე არის ამერიკის იმიგრაციის იურისტთა ასოციაციის, გლობალური მიგრაციის სექციის საერთაშორისო ასოცირებული წევრი და იურიდიული ფირმის სახელით აქტიურად არის ჩართული გლობალური მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო და კვლევითი ხასიათის დოკუმენტების შედგენაში, მონაწილეობა აქვს მიღებული კვარტალურ შეხვედრებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის AILA GMS რიგით მე-4 ევროპის შეხვედრაზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მოხსენებით წარსდგა რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში, საგადასახადო და კორპორაციული მიგრაციის საკითხებზე.
თამარი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით. იგი ასევე არის სპეციალიზირებული ადვოკატი ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო). მშობლიური ქართულის გარდა, თამარი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.